ახალი ამბებისამართალი

ხვალ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

8 სექტემბერი, 2021 • 1850
ხვალ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

20 ივნისის საქმეზე თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს მიიღო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი. კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ.

ოპოზიციის შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტის ასეთი ფორმულირება ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას დილემის წინაშე დაყენებას ემსახურება, რათა მელიამ, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას არ ეთანხმება, ციხე მისთვის მისაღები გზით ვერ დატოვოს. მმართველი გუნდის განმარტებით კი, პროექტი ითვალისწინებს არა წინასწარ თანხმობას, არამედ ამნისტიაზე უარის თქმის მექანიზმს, რაც თანხვედრაშია სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებასთან. ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე უარის თქმის პროცედურა კანონპროექტში გაწერილი არ არის. მელიას ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროცედურა სასამართლოზე იქნება დამოკიდებული.

ნიკა მელია ამბობს, რომ თუ მოსამართლე ჰკითხავს, ეთანხმება თუ არა მის მიმართ ამნისტიის გამოყენებას, უარს იტყვის.

“20 ივნისის ამნისტია დასრულდა ისე, როგორც ველოდი — მოძალადეები შეიწყალეს და ახლა უნდათ, რომ ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება. ახლავე ვეუბნები, რომ ნუ დაიღლიან და შეიწუხებენ თავს ზედმეტი კითხვების დასმით. შეუძლებელია მე მივიღო ამნისტიის ეს აქტი იმდაგვარად, რომ ჩემი ნება იქნას გამოხატული. ეს არ არის ამნისტიის აქტი, თითქოს საპროცესო გარიგებას უნდა დავთანხმდე. კონკრეტული კითხვა უნდა დასვას მოსამართლემ: ბატონო ნიკა, თანახმა ხართ თუ არა ამნისტიის აქტი გავრცელდეს თქვენზე. პასუხი იქნება – არა”, — განუცხადა მელიამ “მთავარ არხს”.

ამნისტიის კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ბრალდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. თუმცა პრეზიდენტს კანონპროექტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია და ძალაში არ არის შესული. უცნოებია, მოესწრება თუ არა ეს პროცედურა ხვალინდელ სასამართლო სხდომამდე.

ამ თემაზე გთავაზობთ სტატიას “ნეტგაზეთის” არქივიდან:

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი