ახალი ამბები

თალიბანის მთავრობა: ძველი სახეები, გუანტანამოს ყოფილი პატიმრები და ძებნილი კაცი

8 სექტემბერი, 2021 • 1757
თალიბანის მთავრობა: ძველი სახეები, გუანტანამოს ყოფილი პატიმრები და ძებნილი კაცი

თალიბანმა, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში 3 კვირის წინ დაბრუნდა, “ისლამური საამირო” და დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. მინისტრთა კაბინეტში ძირითადად შედიან მოძრაობის ძველი სახეები, არაერთი მათგანი კი ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმებში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობით არის ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაჯგუფებამ სურვილი გამოთქვა “ისლამური, ინკლუზიური მთავრობის” დაკომპლექტების შესახებ, ახლად გამოცხადებული კაბინეტის ყველა მინისტრი თალიბანს წარმოადგენს. ყველა მათგანი კაცია.

კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადების პარალელურად, განცხადება გაავრცელა თალიბანის სულიერმა ლიდერმა, ჰაბიბულა ახუნდზადამ და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ უნდა დაიცვას შარიათის სამართალი.

დროებითი მთავრობის პირობებში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მოლა მუჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს. ის თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელია და გაეროს შავ სიაშია შეყვანილი.

ახუნდი, რომელიც 1996-2001 წლებში, თალიბანის პირველი ხელისუფლების პირობებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, თალიბანის შიგნით ძირითადად აქტიურობს რელიგიის ხაზით.

BBC-ის თანახმად, მთავრობის მეთაურად მისი დანიშვნა ერთგვარ კომპრომისად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები დაჯგუფების ზომიერ და რადიკალურ ფიგურებს შორის მიმდინარე შიდა დაპირისპირების შესახებ.

თალიბანის სპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი დროებითი მთავრობის შემადგენლობის გამოცხადების დროს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სირაჯუდდინ ჰაქანი განწესდა: თალიბანთან აფილირებული შეიარაღებული დაჯგუფების, ჰაქანის ქსელის ლიდერი, რომელზეც FBI-ის ძებნა აქვს გამოცხადებული.

აღნიშნული ქსელი გასულ 20 წელიწადში მომხდარი არაერთი მასშტაბური თავდასხმის უკან დგას. მათ შორისაა სატვირთო მანქანის აფეთქება ქაბულში 2017 წელს, რასაც 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

FBI მიიჩნევს, რომ სირაჯუდდინ ჰაქანი მონაწილეობდა აშშ-ისა და კოალიციის ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თავდასხმების კოორდინირების პროცესში, ასევე, ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მკვლელობის მცდელობაში 2008 წელს.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება მოლა მუჰამად იაკუბი. ის თალიბანის დამფუძნებლის, აწ გარდაცვლილი მოლა ომარის შვილია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას შეასრულებს ამირ ხან მუთაქი, რომელიც მონაწილეობდა აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

თალიბანის მთავრობის 4 წარმომადგენელი წარსულში აშშ-ის გუანტანამოს ციხეში იჯდა. მათ შორის არიან საზღვრებისა და ტომთა საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე, ინფორმაციისა და კულტურის დროებითი მინისტრი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ოთხივე მათგანი აშშ-მა 2014 წელს, ამერიკელ ტყვე სერჟანტში გაცვალა.

ცნობების თანახმად, თალიბანმა დაითხოვა ქალთა საქმეთა სამინისტრო, რომელიც ავღანეთში თალიბანის პირველი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, 2001 წელს შეიქმნა.

7 სექტემბერს, ქაბულში გამართულ დემონსტრაციაზე, თალიბანის მებრძოლებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. ფოტო: EPA

BBC-ის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ არიან ქალები ახალ მთავრობაში, თალიბანის წარმომადგენელმა თქვა, რომ კაბინეტის დაკომპლექტება ჯერ არ არის დასრულებული.

მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადების დღეს, თალიბანის მებრძოლებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს ქაბულში გამართულ დემონსტრაციაზე, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად, ქალები.

მიმდინარე კვირის დასაწყისში თალიბანმა ასევე გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა პანჯშირის ხეობაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთადერთი პროვინცია იყო ისლამისტური დაჯგუფების კონტროლს მიღმა.

“ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი”, რომელიც ხეობაში იყო გამაგრებული, აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს, თალიბანის მიერ გამოცხადებული მთავრობა კი არალეგალურია და წარმოადგენს ავღანელი ხალხისადმი “მტრობის აშკარა ნიშანს”.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

ისლამისტურმა დაჯგუფებამ მოკლე დროში, ერთმანეთის მიყოლებით დაიკავა ავღანეთის საკვანძო ქალაქები, 15 აგვისტოს კი ქაბულში დაუბრკოლებლად შევიდა. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

მასალების გადაბეჭდვის წესი