ახალი ამბები

პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის ჯილდო ბელარუსელმა ჟურნალისტმა იულია სლუცკაიამ მიიღო

7 სექტემბერი, 2021 • 868
პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის ჯილდო ბელარუსელმა ჟურნალისტმა იულია სლუცკაიამ მიიღო

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა” პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის ჯილდო წელს ბელარუსელ ჟურნალისტს, ბელარუსის პრესკლუბის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, იულია სლუცკაიას გადასცა. ის 30 წელია, მედიაში საქმიანობს, გასულ წელს კი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებამ 8 თვით დააპატიმრა თავის თანამშრომლებთან ერთად.

პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის ჯილდო გადაეცემათ ჟურნალისტებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პრესის თავისუფლების საქმეში, განსაკუთრებით, დიდი პირადი რისკის ფასად. ბოლო 6 წელია, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” ამ ჯილდოს კოპენჰაგენში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან “მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა” ერთად გასცემს.

იულია სლუცკაია წარსულში საქმიანობდა როგორც ჟურნალისტად, ისე რედაქტორად და მედიამენეჯერად. 1995-2006 წლებში იყო დამოუკიდებელი გამოცემის “კოსმოპოლსკაია პრავდა ბელარუსში” მთავარი რედაქტორი, 2007-2010 წლებში კი ამავე პოზიციას იკავებდა დამოუკიდებელ რადიომაუწყებელში “ევროპის რადიო ბელარუსისთვის”.

ბელარუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი რეპრესიების ფონზე მან სამშობლო დატოვა და პოლონეთში გადავიდა, სადაც დააფუძნა საინფორმაციო ოფისი “ბელარუსი ფოკუსში”, რომელიც ბელარუსში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების ანალიზსა და ექსპერტულ შეფასებებს სთავაზობდა დაინტერესებულ აუდიტორიას.

სლუცკაიამ სწორედ ვარშავაში, ემიგრაციის წლებში დააფუძნა “ბელარუსის პრესკლუბი”, ხოლო მას შემდეგ, რაც ბელარუსში ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, იქ დაბრუნდა და 2015 წლიდან მისმა პრესკლუბმა მინსკში განაგრძო საქმიანობა. ორგანიზაცია ცენტრალურ ადგილად იქცა  შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, მედიამონიტორინგებისთვის, მასტერკლასებისა და დიალოგისთვის.

ბელარუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი, უპრეცედენტოდ მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე დაწყებულ რეპრესიებს ვერც იულია სლუცკაია გადაურჩა. “პრესის საერთაშორისო ინსტუტიტის თანახმად”, ამ პერიოდში რეპრესიები, ჯამში, მედიაში მომუშავე 500 პირს შეეხო. 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით 27 მათგანი გისოსებს მიღმა რჩება.

თავად სლუცკაია გასული წლის 22 დეკემბერს მინსკის აეროპორტში დააპატიმრეს. პოლიციამ მას მობილური ტელეფონი და ლეპტოპი ჩამოართვა, ბელარუსის პრესკლუბის ოფისში კი რეიდი ჩაატარა. დააპატიმრეს ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. მათ გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდნენ. 8 თვის შემდეგ, 19 აგვისტოს, სლუცკაია თანამშრომლებთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

მანამდე, ივლისში, მინსკის ხელისუფალთა  გადაწყვეტილებით, ბელარუსის პრესკლუბი ოფიციალურად დაიშალა.

7 სექტემბერს, დაჯილდოებისას, იულია სლუცკაიამ თქვა:

”ძალიან მადლიერი ვარ, რომ აფასებთ ჩემს წვლილს სიტყვის თავისუფლების ღირებულებების დაცვაში. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ პრესკლუბის მთელი გუნდისა და ასობით ბელარუსელი ჟურნალისტის თავდადებული მუშაობის წყალობით, რომლებიც თავიანთი ღირებულებების ერთგულნი რჩებიან უაღრესად რთულ პირობებში.

ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ბელარუსს საერთაშორისო მედიის ფოკუსში ტოვებთ. ეს იმედს მაძლევს, რომ მალე შევძლებ, ჩავეხუტო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.

„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

მასალების გადაბეჭდვის წესი