ახალი ამბები

თუ ტენდენცია გაგრძელდა, 4 ოქტომბრიდან სწავლის სკოლებში გაგრძელება შესაძლებელი იქნება — გაბუნია

7 სექტემბერი, 2021 • 2085
თუ ტენდენცია გაგრძელდა, 4 ოქტომბრიდან სწავლის სკოლებში გაგრძელება შესაძლებელი იქნება — გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი იძლევა იმის საშუალებას, რომ სწავლა 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში აღდგეს.

“ტენდენცია არის კეთილსაიმედო, ასევე, ვაქცინაციის პროცესი პედაგოგებში. ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60 პროცენტს აღწევს ორჯერ აცრილთა რაოდენობა.

ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და, ვფიქრობთ, ეს შექმნის კარგ პირობას, რათა 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოდან დაიწყოს სწავლა”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისიდან საკლასო ოთახებში სწავლა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 330 სკოლაში განახლდება.

გამყრელიძის თქმით, ამ სკოლებში საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

“აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა დაახლოებით 330-332 სკოლაში. ასე არის დათვლილი მაღალმთიან და სოფლის სკოლებში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. წინასწარ მონაცემებს გეტყვით, რომ ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, თუ რამდენ ადამიანს, სკოლის მოწაფეს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენ მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ 330-332 სკოლაში აუცილებლად სწავლა აღდგეს, რადგანაც იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიგინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 13 სექტემბრიდან განაახლებს, ვაქცინაციის წასახალისებლად კი ლატარიის გათამაშება დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი