ახალი ამბები

განუხორციელებელი პროექტების გაგრძელების პირობა — კალაძემ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

6 სექტემბერი, 2021 • 708
განუხორციელებელი პროექტების გაგრძელების პირობა — კალაძემ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, რომელიც ამ პოსტის დაკავებას მეორე ვადით გეგმავს, დღეს, 6 ოქტომბერს, თავისი საარჩევნო პროგრამა წარადგინა. კალაძემ ისაუბრა იმ შეუსრულებელ პროექტებზე, რომლის გაკეთების პირობაც 2017 წელს დადო.

როგორც კალაძე ამბობს, კოვიდპანდემიამ არაერთი პროექტი შეაფერხა დედაქალაქში და პირობას დებს, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში დანაპირებს ბოლომდე მიიყვანს.

„დაპაუზდა ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი სამგორი-ლილოს მიმართულებით. ლოქდაუნის  გამო ვერ შევძელით დროულად მოგვეძიებინა კვალიფიცური კომპანიები, რომლებიც თბილისის ანძის პროექტს განახორციელებდნენ, 4 წელიწადში ვერ დავასრულეთ ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, თუმცა ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია, როგორც ამ და ისე ჩამოთვლილ პროექტებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

ასევე, პანდემიისგან გამოწვეულმა პროცესებმა დააზიანა ღამის ეკონომიკის პროგრამა  და ვერ შევძელით ბოლომდე აგვეთვისებინა ის პოტენციალი, რაც თბილისს ამ მიმართულებით გააჩნია, თუმცა   მოვახერხეთ, გლობალური პანდემიით დაზარალებულ ღამის ეკონომიკის სექტორებს გვერდში დავდგომოდით და შევეცადეთ, კრიზისი შეგვემსუბუქებინა, რათა თბილისის დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით მაქსიმალურად  მცირე  დანაკარგებით შენარჩუნდეს. ასევე, გადაიდო გამზირების რეაბილიტაცია, რომელიც თბილისის უბნებს  კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდიდა“, — თქვა კალაძემ პროგრამის პრეზენტაციაზე.

როგორც კალაძე ამბობს, ყველა დაპირების შესასრულებლად სჭირდება ძლიერი გუნდი საკრებულოში, რათა დროულად დაამტკიცონ დედაქალაქის ბიუჯეტი და საშუალება მისცენ, იმუშაოს დაპირებების შესრულებაზე.

კახი კალაძის თქმით, შემდეგ დღეებში უფრო დეტალურად ისაუბრებს, თუ რას გეგმავს ურბანული, სოციალური, ინფრასტრუქტურული და სხვა მიმართულებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი