ახალი ამბები

სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის მოსმენა განაახლა

6 სექტემბერი, 2021 • 543
სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის მოსმენა განაახლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წარმოებული საქმის მოსმენა განაახლა.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სასამართლო სხდომა დღეს, 6 სექტემბერს გაიმართა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი უნდა გამოკითხოს.

რაც შეეხება სექტემბერში სხდომების ჩანიშვნას, პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამაში ხელისუფლების მხრიდან მათთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის მცდელობას ხედავს:

“პროკურატურა ჩიხშია შესული. ისინი არ ემსახურებიან კანონს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს. ამიტომ, ბუნებრივია, სხდომების ინტენსიური ჩანიშვნა მიზნად ისახავს იმას, რომ წინასაარჩევნოდ ხელი შეგვიშალონ. არ გამოუვათ. ჩვენ არც უსამართლო სასამართლოს დავემალეთ, არც მოთმინებას უღალატია ჩვენთვის”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2007 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები ბრალს უარყოფენ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი