ახალი ამბები

სუს-მა ჩვენს მხარდამჭერებს ენმ-ის სიაში ყოფნაზე უარი ათქმევინა — ბეჟაშვილი

6 სექტემბერი, 2021 • 906
სუს-მა ჩვენს მხარდამჭერებს ენმ-ის სიაში ყოფნაზე უარი ათქმევინა  — ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში პარტიის წევრებს დევნიან და აიძულებენ, უარი თქვან ენმ-ის პარტიულ სიაში ყოფნაზე. ამის შესახებ ბეჟაშვილმა ბრიფინგზე დღეს, 6 სექტემბერს ისაუბრა.

მისი განცხადებით, დევნასა და ზეწოლაში პირდაპირ არიან ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც დაახლოებით 4 ადამიანს დააწერინეს განცხადება, რომ უარი ეთქვათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში ყოფნაზე:

“მაგალითად, ერთს მეუღლე ჰყავს ენერგოკომპანიაში დასაქმებული, მეორეს რძალი ჰყავს საბავშვო ბაღში მზარეულად დასაქმებული. ყველაზე განახორციელეს ზეწოლა და მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება, ან არადა მოსთხოვეს მათი ნათესავების საარჩევნო სიიდან ამოღება.

შესაბამისად, ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩავრთეთ, ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ. მას შემდეგ, რაც ჩვენს კანდიდატებს მივეცით გარანტიები, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და სახალხო დამცველი დაინტერესდებოდნენ მათი შემთხვევით და მათ მისცემდნენ გარანტიებს, ამ ადამიანებმა დღეს უკვე შეიტანეს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიაში და უარს ამბობენ იმ უარზე, რომელიც სპეცსამსახურებმა დააწერინეს”, — განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ცნობილია სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებაც, თუმცა ამჟამად ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი