ახალი ამბები

თბილისი-ვენის რეისი აფრენიდან მალევე თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

5 სექტემბერი, 2021 • 2411
თბილისი-ვენის რეისი აფრენიდან მალევე თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

Georgian Airways-ის ხომალდი, რომელსაც თბილისიდან ვენის მიმართულებით ფრენა უნდა შეესრულებინა აფრენიდან მალევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” TAV Georgia-ში დაუდასტურეს, თუმცა აეროპორტის მმართველ კომპანიაში ამ დროისთვის მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და ავიაკომპანიასთან გადაგვამისამართეს.

თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორია

როგორც Georgian Airways-ის დირექტორმა ფორმულასთან განაცხადა, ხომალდის აფრენის შემდეგ თვითმფრინავის შასი არ დაიხურა, რის შემდეგაც პილოტები გარკვეული დროის განმავლობაში თბილისის თავზე დაფრინავდნენ, რათა საწვავის ავზები დაცლილიყო და თვითმფრინავი ხმელეთზე უსაფრთხოდ დაშვებულიყო:

“დღეს თბილისი- ვენის რეისი ხორციელდებოდა ჩვეულებრივ, თუმცა აფრენის შემდეგ საბორტო კომპიუტერმა პილოტებს მისცა სიგნალი, რომ  შასი არ დაიხურა, ბორბალი არ შევიდა შიგნით. შესაბამისად, პილოტმა წესის და ჩვენი დებულების შესაბამისად, მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება დამჯდარიყო უკან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოეძახა ჯგუფი, შეეფასებინა ხარვეზი და შეფასების შემდგომ განეხორციელებინა რეისი.

ვინაიდან ხომალდის ავზი სავსე იყო საავიაციო საწვავით, საჭირო იყო ამ საწვავის დაწვა, რადგან სავსე ავზით შეუძლებელია თვითმფრინავის დაშვება. 6 ტონა დაწვა ხომალდის მეთაურმა მაღალპროფესიონალურად დასვა თვითმფრინავი. ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა ისინი მოსახდელ ტერმინალში არიან გადაყვანილი. ხარვეზი იყო ძალიან უმნიშვნელო. ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და რეისი განხორციელდება” – ამბობს რომან ბოკერია.

რომან ბოკერიას განცხადებით, ვენის მიმართულებით რეისი მაქსიმუმ 1 საათში შესრულდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა მათი ჩარევა საჭირო არ გამხდარა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი