ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰარცელი ცხინვალს და მოსკოვს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს

5 სექტემბერი, 2021 • 1145
ჰარცელი ცხინვალს და მოსკოვს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს.

ჰარცელის თქმით, დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა:

“ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება.

ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო.

ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა” – ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი