ახალი ამბები

კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ — წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტს

4 სექტემბერი, 2021 •
კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ — წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტს

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, “მთავარი არხის” იმერეთის ბიუროს ჟურნალისტს მოუწოდა, “კარგად მოქცეულიყო”, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის მიკროფონს “დაკარგავდა”.

ირაკლი ვაჩიბერაძის კითხვა ეხებოდა 22 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც წულუკიანმა ტელეკომპანიის სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტს, ემა გოგოხიას, მიკროფონი წაართვა.

“ქალბატონო თეა, ჩვენს რეგიონულ კორესპონდენტს, ემა გოგოხიას, ძალიან სჭირდება მიკროფონი. თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, როდის დაგვიბრუნებთ”, — მიმართა ვაჩიბერაძემ მინისტრს, რაზეც წულუკიანმა მიუგო, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს დააბრუნებდა.

“რას უკავშირდება ეს თარიღი?” — ჰკითხა მას ჟურნალისტმა, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ თავად ენახა, რას უკავშირდებოდა 3 ოქტომბერი. განმეორებით კითხვაზე კი მინისტრმა ირაკლი ვაჩიბერაძეს უთხრა:

“თქვენ კარგად მოიქეცით, თორემ ახლა ამ მიკროფონს დაკარგავთ”.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ — “შეიძლება, რომ წამართვათ?” — მინისტრმა გაიცინა და ტერიტორია დატოვა.


წულუკიანმა ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა, იმ დროს, როცა ჟურნალისტი მასთან მივიდა და კითხვა დაუსვა.

ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იუსტიციის მინისტრისთვის მიკროფონი არ გამოურთმევიათ.

ემა გოგოხიას თქმით, პოლიციელებს მინისტრთან მიახლოების მცდელობაც არ ჰქონიათ, მათ გამოკითხვის ოქმი შეადგინეს და თქვეს, რომ მინისტრს ვერ მიუახლოვდებიან, ხოლო გამოკითხვის ოქმს კრიმინალურ პოლიციას გადასცემენ.

იმავე დღეს, წულუკიანი გოგოხიასთვის წართმეული მიკროფონით თეატრის სცენაზე ავიდა და თქვა:

“მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ — ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები — როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ვრცლად ამ თემაზე:

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი