ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეიცვლება COVID-ის მართვის პროტოკოლი საქართველოში

3 სექტემბერი, 2021 • 1247
რა შემთხვევაში შეიცვლება COVID-ის მართვის პროტოკოლი საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიცვლება ქვეყანაში კორონავირუსის მართვის პროტოკოლი.

თამარ გაბუნიას განცხადებით, გარკვეული მოდიფიკაცია დაავადების მართვის მთავარ დოკუმენტში შესაძლოა მოხდეს ექსპერტების მოსაზრებებიდან გამომდინარე, თუმცა მთავარი მიზეზი, რამაც შესაძლოა პროტოკოლში ცვლილება გამოიწვიოს, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტიანობის შესახებ კოვიდპაციენტებში:

“პროტოკოლი, რომელიც გვაქვს, ემყარება საერთაშორისო წყაროებს და მეცნიერულ მონაცემს, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს. ექსპერტების მოსაზრებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარკვეული მოდიფიკაცია, მაგრამ მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროტოკოლში ცვლილება, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კოვიდპაციენტებში. დღეს მოსალოდნელია, რამდენიმე მედიკამენტი მეტად აქტიურად შემოვიდეს კოვიდის მართვის პროცესში.

იყო საუბარი მონოკლონურ ანტისხეულებზეც. სხვადასხვა მწარმოებელს დაწყებული აქვს ამაზე მუშაობა, ასევე რამდენიმე მედიკამენტია კვლევაში. თუ ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დადასტურდა, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენს პროტოკოლებში. ამაზე არის კლინიკური ჯგუფი მობილიზებული, რომ თუ სადმე არის იმედის მომცემი მკურნალობა, რომელსაც აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის და ევროპის მარეგულირებელი, ან სხვა ქვეყნის მკაცრი მარეგულირებელი, ის ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს და იყოს ხელმისაწვდომი”, – ამბობს თამარ გაბუნია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 36 400 ტესტით კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 8.34% შეადგინა.

ამასთან, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელმა 9.72% შეადგინა, ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 8.98%-ია.

პორტალის Stop.Cov.Ge თანახმად, უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 86 პაციენტი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 7 649 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში სულ 23 518 აცრა ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი