პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ განცხადებაში ხელისუფლება — დაუმსახურებლად, ოპოზიცია კი დამსახურებულად გააკრიტიკა.
“პრეზიდენტის გამოსვლაში იყო გარკვეული ნაწილები, რომელიც შეიძლება, გაზიარებადი იყოს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიცის მიმართ გამოთქმული კრიტიკა — ეს ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლებას მიემართება, ბუნებრივია, არ ვიზიარებთ”, — განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, კრიტიკა უნდა იყოს საგნობრივი და დამსახურებული და ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას არ ეთანხმება.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სესხზე უარის თქმა მისთვის გაუგებარია და ვალის შემცირების არგუმენტი ანალიზს ვერ უძლებს. მისი თქმით, ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.
ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა დესტრუქციული უწოდა ოპოზიციას და თქვა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა ვერც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და ვერც დესტრუქციულმა ოპოზიციამ ვერ შეძლოს ევროპული გზის არევა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი.
მაკროფინანსური დახმარება კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია და ხელმისაწვდომია ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, თუმცა დახმარების მიღება დამოკიდებულია პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. 75 მილიონის ჩარიცხვა დამოკიდებული იყო ევროკომისიის დადებით შეფასებაზე საქართველოს მიერ ნაკისრი 7 წინაპირობის შესახებ, რომელთაგან მთავარი შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ისედაც ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.