ახალი ამბები

კინზინგერი და კონოლი მიესალმებიან ენმ-ის მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას

3 სექტემბერი, 2021 • 1140
კინზინგერი და კონოლი მიესალმებიან ენმ-ის მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას

აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი მიესალმებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას. კომენტარს “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

“როგორც კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, მივესალმებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას.

შეთანხმება წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს და ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, მხარი დაუჭირონ წინსვლის საერთო გზას”, — დასძენენ ისინი.

ოპოზიციური პარტიის ეს გადაწყვეტილება ასევე შეაფასა სენატორმა ჯიმ რიშმა. მისი სიტყვებით, ეს კარგი ჟესტია, თუმცა — მცირე და დაგვიანებული.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ენმ ხელს აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 19 აპრილს დაიდო. ენმ ამ დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერდა ხელს მასში არსებული, მათთვის მიუღებელი პუნქტების გამო.

ნიკა მელიას განცხადებით, ვინაიდან შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი ითვალისწინებდა “ოცნების” მიერ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ენმ-მ მიიღო დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება , რადგან “ახლა არის გადამწყვეტი მომენტი”.

თავის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” 28 ივლისს განაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ამის მიზეზად ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერა დაასახელა.

უკვე ახლა, “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ აზრი არ აქვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას, რადგან შეთანხმება “არ არსებობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი