ახალი ამბები

კანდელაკი: მთავრობამ ლატვიისგან ასტრაზენეკას 50 000 დოზის საჩუქრად მიღებაზე უარი თქვა

2 სექტემბერი, 2021 • 2281
კანდელაკი: მთავრობამ ლატვიისგან ასტრაზენეკას 50 000 დოზის საჩუქრად მიღებაზე უარი თქვა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საქართველომ უარი თქვა ლატვიისგან 50 000 დოზა ასტრზენეკას ვაქცინის მიღებაზე. კანდელაკის თქმით, ვაქცინის აღნიშნული დოზებს ლატვია საქართველოს ჩუქნიდა, თუმცა მთავრობამ უარი უთხრა.

კანდელაკის თქმით, ქვეყანამ უარი განაცხადა 50 000 დოზა ვაქცინის საჩუქრად მიღებაზე მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა და  მთავრობამ არაფერი გააკეთა, რათა მასწავლებლების ვაქცინაცია მაღალ ნიშნულზე მიეყვანა:

“რატომ არ შეიძლებოდა, რომ თუნდაც ეს 50 000 დოზა ვაქცინა გამოყენებულიყო მასწავლებლების და სკოლის დანარჩენი პერსონალის ვაქცინაციისთვის, იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სწავლა დაწყებულიყო საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად. რამხელა სტრესია დისტანციური სწავლა, განსაკუთრებით დაბალკლასელი ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის. ამ ფონზე ლატვიიდან უარყოფა ხარისხიანი ვაქცინების ჩუქებაზე არის, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო საქციელი”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს. ჯანდაცვის უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში გაკეთდება, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როდის გაიმართება სხდომა.

მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ასტრაზენეკა” ნაკლებად მოთხოვნადი ვაქცინაა და ქვეყანის სუვერენული უფლებაა, ის ვაქცინები შემოიტანოს ქვეყანაში, რომელზეც მოსახლეობაში მოთხოვნაა:

” რატომ არის ეს პრობლემური? ჩვენ, მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში – “ფაიზერი”, დღეის მდგომარეობით გვაქვს კიდევ მილიონი დოზა, “სინოვაკი”, რომელიც ანალოგიურია, როგორიცაა “სინოფარმი”, კიდევ დამატებით 1 მილიონი “სინოფარმი” მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ კიდევ 2 მილიონ “ფაიზერზე”.

“ასტრაზენეკა” ასევე შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, “ასტრაზენეკა” ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ ამ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ” ,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი