ახალი ამბები

“ოცნების” თქმით, მიშელის დოკუმენტზე ენმ-ის ხელმოწერას აზრი არ აქვს

1 სექტემბერი, 2021 • 1709
“ოცნების” თქმით, მიშელის დოკუმენტზე ენმ-ის ხელმოწერას აზრი არ აქვს

“ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ აზრი არ აქვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას, რადგან შეთანხმება “არ არსებობს.

“ეს არის ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ დაცინვა, როდესაც ენმ ხელს აწერს არარსებულ დოკუმენტს. ამაზე მეტი არასერიოზულობა და ბავშვურობა პოლიტიკაში არ არსებობს. მათ დააგვიანეს როგორც პარლამენტში შემოსვლა, ისე ხელის მოწერაც”, — უთხრა “კურიერს” ნიკოლოზ სამხარაძემ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

არასერიოზულობა უწოდა ენმ-ის გადაწყვეტილებას “ოცნების” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმაც, რომელმაც თქვა:

“საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს პოლიტიკაც აღარ არის, პოლიტიკის პაროდიაა, არასერიოზულობის პიკია. აგონიაა, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ამომრჩევლების ყურადღებას ვერანაირად ვერ იპყრობენ. ისინი ცდილობენ, რაღაც თემები გამოიგონონ”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ენმ ხელს აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 19 აპრილს დაიდო. ენმ ამ დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერდა ხელს მასში არსებული, მათთვის მიუღებელი პუნქტების გამო.

ნიკა მელიას განცხადებით, ვინაიდან შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი ითვალისწინებდა “ოცნების” მიერ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ენმ-მ მიიღო დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება , რადგან “ახლა არის გადამწყვეტი მომენტი”.

თავის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” 28 ივლისს განაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ამის მიზეზად ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერა დაასახელა.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი