ახალი ამბები

უგულავამ მიიღო ცნობა, რომლითაც არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას შეძლებს

1 სექტემბერი, 2021 • 1011
უგულავამ მიიღო ცნობა, რომლითაც არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას შეძლებს

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მას მისცეს ცნობა “უფლების ჩამორთმევის შესახებ”, რის შემდეგაც არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას შეძლებს. უგულავამ ცნობის ფოტოსურათი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

გუშინ, 31 ოქტომბერს გიგი უგულავა აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან არ აძლევდნენ აღნიშნულ საბუთს, რომლის გარეშეც არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას ვერ შეძლებდა.

საბუთს, რომელზეც უგულავა საუბრობს, “უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა” ეწოდება, რომელშიც აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.

უგულავა აცხადებდა, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ფოთის ოფისში ეუბნებოდნენ, რომ ცნობას 126-ე მუხლის საფუძველზე არ გასცემდნენ. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ედავებიან უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას. აღნიშნული ინციდენტი 2019 წელს მოხდა.

უგულავა აცხადებდა, რომ გასული წელს საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და მაშინ მომსახურების სააგენტოდან შესაბამისი ცნობაც აღებული ჰქონდა.

შსს არ მაძლევს საბუთს, კანდიდატად დასარეგისტრირებლად – უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი