ახალი ამბები | ,

შსს არ მაძლევს საბუთს, კანდიდატად დასარეგისტრირებლად – უგულავა

31 აგვისტო, 2021 | | 638
შსს არ მაძლევს საბუთს, კანდიდატად დასარეგისტრირებლად – უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან არ აძლევენ საბუთს, რომლითაც არჩევნებზე კანდიდატად უნდა დარეგისტრირდეს. ამის შესახებ უგულავამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

საბუთს, რომელზეც უგულავა საუბრობს, “უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა” ეწოდება, რომელშიც აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.

მისი განცხადებით, ფოთის მომსახურების სააგენტოს ოფისში ეუბნებიან, რომ ცნობას 126-ე მუხლის საფუძველზე არ გასცემენ. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ედავებიან უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას. აღნიშნული ინციდენტი 2019 წელს მოხდა.

უგულავა აცხადებს, რომ მან გასული წელს საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და მაშინ მომსახურების სააგენტოდან შესაბამისი ცნობაც აღებული ჰქონდა.

“რაც ახლა ხდება, ერთი მხრივ, არის აბსურდის თეატრი, მეორე მხრივ, კლასიკური კარგი ნიმუში, თევზი თავიდან რომ ყროლდება. ამათ [ფოთის მომსახურების სააგენტოს ოფისში] არაფერი იციან აქ, ეს ყველაფერი თბილისში წყდება. თბილისიდან მიიღეს პასუხი, რომ მე არ მაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც არის აბსოლუტური აბსურდი და პირდაპირ პოლიტიკური დავალება. მეტი ახსნა ამას არ აქვს იმიტომ, რომ მარტივადაა საქმე ჯანსაღი აზრის ფარგლებში. ეს საბუთი მინდოდა შარშანაც. შარშან მე კენჭს ვიყრიდი და ეს იცის მთელმა საქართველომ. შარშანდლის მერე არაფერი შეცვლილა.

ერთადერთი, რაც მე გავაკრვიე, 126-ე მუხლს იძახიან. ეს მუხლი არის, ძიუდოისტი რომ “ჩამიდეს”, მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ეგ საქმე. მაგრამ მაგ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი. მეორე, ეგრე რომც იყოს, კანონის ეს მუხლი საერთოდ არ ეხება იმ 126-ე მუხლს. თავიდან ბოლომდე მოგონილი ზღაპარია”, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ფოთის მომსახურების სააგენტოში ითხოვს, რომ მისცენ ფურცელი, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გიგი უგულავას განაცხადის დაფიქსირებისთანავე მომსახურების სააგენტომ ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

“მოქალაქე გიორგი უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი, სადაც მას განემარტა რომ – თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს.

მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ”, – უთხრეს შსს-ში ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი