კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ მედიააკადემიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დღეიდან მედიააკადემიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას შორენა შავერდაშვილი დაიკავებს, რომელმაც დავით კაკაბაძე შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
“შორენა შავერდაშვილს მედიის მიმართულებით 19- წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” და ყოველკვირეული პოლიტიკური ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო. 2010-2011 წლებში შავერდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხოლო 2008-2011 წლებში მედიაადვოკატირების ჯგუფის, „მედიაკლუბისა“ და „დეკომ მედია ჰაუსის“ თანადამფუძნებელი იყო. ის ასევე „ინტერნიუს საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორად და პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა. შავერდაშვილი წლების განმავლობაში სტამბის „სეზანი“ გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, შემდგომ კი გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მმართველი პარტნიორი გახდა. შორენა შავერდაშვილს მედიააკადემიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს, ის მედიაწიგნიერების კონკურსის – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჟიურის წევრი იყო”, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე პრესრელიზის თანახმად, შორენა შავერდაშვილი 1997-2001 წლებში ბოსტონში თავთსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1997 წელს კი ნიქოზიაში საშუალო სკოლა დაამთავრა. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
2019 წელს ლიბერალი დატოვეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, მიზეზად კი დაასახელეს სარედაქციო ხედვის დაანონსებულ ცვლილება. ლიბერალის მფლობელი და დირექტორი შავერდაშვილი იყო.
შავერდაშვილმა განაცხადა, რომ „ლიბერალი“ და მის მფლობელობაში არსებული მედიაგამოცემები „ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან“. მისი თქმით, ამ პრინციპეპზე დაყრდნობით გააგრძელებდა „ლიბერალის“ გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას, თუმცა რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ლიბერალი ახლმა გუნდმაც დატოვა.
კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ 2018 წელს შექმნა, რომელსაც დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობდა. მედიაკადემიის ბიუჯეტი 2020 წელს, IDFI-ის ცნობით, დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენდა, 2019 წელს – 2.4 მლნ-ს.
მედიააკადემიას ეკუთვნის რამდენიმე პლატფორმა: -მედიასკოლა – ჟურნალისტების, პროდუსერებისა და მედიამენეჯერების გადასამზადებლად; – მედიალაბი – ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდასაჭერად და დასაფინანსებლად; მედიაკრიტიკა – მედიაპროდუქტების გასაანალიზებლად და შესაფასებლად.







