ახალი ამბები

თბილისის განვითარების ამოსავალი წერტილი ქალაქისთვის „ლაგუნა ვერეს“ დაბრუნებაა – “ლელო”

1 სექტემბერი, 2021 • 673
თბილისის განვითარების ამოსავალი წერტილი ქალაქისთვის „ლაგუნა ვერეს“ დაბრუნებაა – “ლელო”

პოლიტიკური პარტია “ლელო” მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოისყიდოს ნაგებობები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით, ასევე, თბილისის კულტურისა და ავთენტურობის მატარებელია, მათ შორის “ლაგუნა ვერეც”.

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის განცხადებით, “ლაგუნა ვერეს” განვითარება განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, რადგან პარტია მიიჩნევს, რომ პანდემიური მდგომარეობა სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესის და დაბინძურებული გარემოს ბრალია.

“აქ ადამიანების სიცოცხლე სტატისტიკად გვიქციეს. 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი 3-ჯერ მეტია, ხოლო ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

ამ დროს ქალაქის ცენტრში 8 წელია უფუნქციოდ დგას და ნადგურდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი “ლაგუნა ვერე”, რომელსაც თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

ლაგუნაზე თაობები გაიზარდა, ეს ადგილი უბრალოდ უყვარდათ ადამიანებს, სწორედ ამიტომ გამოსტაცა ხელიდან ბიძინა ივანიშვილმა. 2013 წელს გამოაცხადეს, რომ არარენტაბელურია მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და დახურეს. 8000-ზე მეტი სპორტსმენი დარჩა გარეთ და 100-მდე ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

“ლელოს” განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ “ლაგუნა ვერე” დაივიწყა. მათ შორის თბილისის ამჟმინდელმა მერმა, კახა კალაძემაც. პარტიის თქმით, კალაძე მისი პირველი არჩევნების დროს თბილისის მცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ მოაწესრიგებდა “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, თუმცა ეს არ შეუსრულებია.

გარეკანის ფოტოზე: ლელოს მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი