ახალი ამბები

ესაა EU-ს მხრიდან სანქციის ფორმა — გიგი წერეთელი დახმარების არმიღებაზე

31 აგვისტო, 2021 • 878
ესაა EU-ს მხრიდან სანქციის ფორმა — გიგი წერეთელი დახმარების არმიღებაზე

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს გარკვეულწილად არის სანქციის ფორმა ევროკავშირის მხრიდან.

წერეთელი მმართველ პარტიას ადანაშაულებს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრლებლობასა და საქართველოში დემოკრატიის გაურესებაში.

„ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს არის სრული დამსახურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, იმ პოლიტიკის, რომელიც არის შეუთავსებელი ევროკავშირის ვალდებულებებთან, ხელშეკრულებიდან გასვლა, ზოგადად, დემოკრატიის მდგომარეობა და ის მოდელი მმართველობის, რაც დღეს საქართველოშია.  განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არის აბსოლიტურად არაადეკვატური, ქვეყანა ვალებში იხრჩობა, ძალიან კარგად ვიცით, კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებაზე, ამას ვინ დაიჯერებს?

ეს არის ზღაპარი და არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ და უთხრან: “ნახეთ, რა მაგრები ვართ, არ ვეპუებით ევროკავშირს“. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნისთვის ნაბიჯი სანქციისკენ. ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად არის სანქციის ფორმა და ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, თუ მას რეალურად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – აცხადებს წერეთელი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი