თბილისში, ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი ბინა მიიღო. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდათ.
საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გაკეთდება პანდუსები შშმ პირებისთვის.
იმ პირების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, ვინც იმსახურა და კონტრაქტი დაასრულა, თავდაცვის სამინისტრომ 2007 წელს აიღო. აღნიშნული ვალდებულების შესრულება კი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად, 1 562 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში ბინა.