ახალი ამბები

პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს, დაახლოებით 30% – კობახიძე

30 აგვისტო, 2021 • 1481
პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს, დაახლოებით 30% – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მას აქვს. ამის შესახებ კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარტიის შიგნით ხშირად ტარდება კვლევები, რომელიც პოლიტიკოსების რეიტინგს ზომავს პარტიის შიგნით. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ამ რეიტინგების თანახმად, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი, 30%-იანი რეიტინგი აქვს:

“მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. აქ არის სერიოზული სპეციფიკა, ყველა ქვეყანაში, ზოგადად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებს, როგორც წესი, აქვთ უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ.

ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. ეს ქვეყნდება პერიოდულად, შეგვიძლია ჩვენც გამოვაქვეყნოთ ჩვენი მონაცემები. [კობახიძის რეიტინგი] დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის. მეც მაქვს დაახლოებით ასეთი რეიტინგი”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა საზოგადოებაში მისი ბოლოდროინდელი პასიურობა მის დაბალ პერსონალურ რეიტინგს, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს  არ არის სიმართლე და ყველა არჩევნებისას ნაკლებად ჩანს საზოგადოებაში, რადგან არის პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ღონისძიებებში მონაწილეობას აქტიურად ამიტომ ვერ იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი