ახალი ამბები

პირადობის მოწმობის გაცემა ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეთა ნაწილისთვის უფასო იქნება – იუსტიციის სამინისტრო

30 აგვისტო, 2021 • 29101
პირადობის მოწმობის გაცემა ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეთა ნაწილისთვის უფასო იქნება – იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პირადობის დამადსტურებელი მოწმობები მოქალაქეების ნაწილისთვის უფასოდ გაიცემა. სამინსიტროს განმარტებით, ამის მიზეზი საარჩევნო პროცესში მოქალაქეების შეუფერხებლად მონაწილეობაა.

პირველი სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

  • მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი);
  • საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

პირადობის მოწმობის უფასოდ აღების მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

შესწორება: იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებოდნენ:

  • საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი;
  • არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ოქტომბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
  • რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;
  • მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი;
  • ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს;
  • გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.

ასევე სამინისტრო იუწყებოდა, რომ დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებოდნენ როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.

მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება შეცვალა. სწორედ განახლებული ვერსიაა წარმოდგენილი სტატიის პირველ ნაწილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი