ახალი ამბები

პირველი სექტემბრიდან იმპორტის ჩანაცვლებისთვის ახალი პროგრამები ამოქმედდება

30 აგვისტო, 2021 • 779
პირველი სექტემბრიდან იმპორტის ჩანაცვლებისთვის ახალი პროგრამები ამოქმედდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ახალი მიმართულებები, რომელთა მიზანიც იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლება.

მან ამის შესახებ დღეს, 30 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

“ის საწარმოები, რომლებიც ჩართულნი არიან საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და მის ეტაპობრივ შემცირებასა და ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავისი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ ერთდროულად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60 პროცენტით თანაგარანტირებას ბანკების წინაშე და ასევე, გრანტს, [საბანკო] სესხის ოდენობის 15 პროცენტის მოცულებით”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ იმპორტის მოცულობა აღემატება ექსპორტს.

2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ  შეადგინა 5 მილიარდ 720 მილიონი აშშ დოლარი.

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, უარყოფითი სალდო 4 მილიარდ 709 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

ეკონომისტთა ნაწილის თანახმად, ნეგატიური საგარეო სავაჭრო სალდოს დროს, ქვეყნიდან გაედინება უცხოური ვალუტა, რაც ნეგატიურად აისახება, მათ შორის, ეროვნული ვალუტის კურსზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი