ახალი ამბები

ქაბულში თავშესაფრის თანამშრომლები დატოვეს, ცხოველები ლონდონში ჩაიყვანეს

29 აგვისტო, 2021 • 4660
ქაბულში თავშესაფრის თანამშრომლები დატოვეს, ცხოველები ლონდონში ჩაიყვანეს

ყოფილმა ბრიტანელმა სამხედრომ, პენ ფართინგმა, რომელმაც წლების წინ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი გახსნა, ქაბულიდან ლონდონში 100-მდე ძაღლისა და 70-მდე კატის ევაკუაცია მოახერხა, თავშესაფრის ავღანელი თანამშრომლების გამოყვანა კი ვერ შეძლო.

“ჩამოვედი ჰითროუს აეროპორტში ნაწილობრივი წარმატებით. შერეულ ემოციებსა და ღრმა მწუხარებას განვიცდი ავღანეთის გამო”, — ტვიტერზე დაწერა ფართინგმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ძაღლებისა და კატების ქაბულიდან ევაკუაციაში მას დაეხმარა.

ცხოველების ევაკუაციისთვის ონლაინ კამპანია 15 აგვისტოდან, ქაბულის თალიბების ხელში გადასვლის დღიდან დაიწყო და გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ფულს ურიცხავდნენ თავშესაფარს. სწორედ ამ ფულით შეძლო თავშესაფრის ბრიტანელმა დამფუძნებელმა ქაბულიდან ჩარტერული რეისის დაქირავება.

კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ვერ წამოიყვანეს თავშესაფრის ავღანელი თანამშრომლები ლონდონში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფარტინგი ჯერ კიდევ გამომგზავრებამდე წერდა, რომ აეროპორტიდან 300 მეტრში იყო ძაღლებთან და თავის ავღანელ თანამშრომლებთან და ელოდა უსაფრთხო შესვლას აეროპორტის ტერიტორიაზე.

როგორც BBC იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა ძაღლების ევაკუაციასთან დაკავშირებით დაიჩივლა.

“[თავშესაფრის] მხარდამჭერებმა ჩემი სამხედრო ხელმძღვანელებს აღნიშნულ საკითხთან [ცხოველების ევაკუაცია] დაკავშირებით ძალიან დიდი დრო წაართვეს მაშინ, როცა ისინი ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავებაზე უნდა ყოფილიყვნენ კონცენტრირებული” — განაცხადა უოლესმა.

ცხოველების ქაბულიდან ევაკუირების სპეცოპერაცია გააკრიტიკა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ტომ ტუგენდატმა.

“ძალიან რთულია ადამიანების [ქაბულის] აეროპორტში მიყვანა და იქიდან წამოყვანა. ჩვენ გამოვიყენეთ ბევრი სამხედრო იმისთვის, რომ 200 ძაღლი მიგვეყვანა აეროპორტში მაშინ, როცა ჩემი თარჯიმნის ოჯახს, სავარაუდოდ, ელის სიკვდილი.

რამდენიმე დღის წინ ერთმა თარჯიმანმა რამდენიმე დღის წინ მკითხა, რატომ არის ჩემი 5 წლის გოგო თქვენს ძაღლზე ნაკლებად მნიშვნელობანი” — ამბობს დეპუტატი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ძაღლებისა და კატების ევაკუაციის პროცესში ავღანეთში  ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები იყვნენ ჩართული.

ცხოველები ქაბულიდან დღეს, 29 აგვისტოს გაიყვანეს. ავღანეთი დღესვე დატოვეს ბრიტანელმა სამხედროებმა და დიპლომატებმა. შესაბამისად, შეწყვეტილია ევაკუაციის ოპერაცია ქაბულიდან ბრიტანეთში. ევაკუაციას 31 აგვისტოს ასრულებს აშშ-ც და ამის შემდეგ ქაბულის აეროპორტს სრულად გააკონტროლებს თალიბანი.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს, მოულოდნელად დაამყარა, რის შემდეგაც ქვეყნიდან დასავლური სახელმწიფოები და მათთან მომუშავე ავღანელთა ნაწილი გავიდა. ქვეყანაში ამ დრომდე რჩება ათასობით ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს 20-წლიანი მისიის განმავლობაში დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლებთან მუშაობდნენ. ისინი ევაკუაციას უშედეგოდ ელოდებიან, რადგან დარწმუნებული არიან, რომ თალიბანი მათზე შურს იძიებს დასავლეთთან თანამშრომლობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი