ახალი ამბები

ამერიკელებმა ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელთა ჯგუფი ააფეთქეს — Al Jazeera

29 აგვისტო, 2021 • 1354
ამერიკელებმა ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელთა ჯგუფი ააფეთქეს — Al Jazeera

კატარული ტელეარხის, Al Jazeera-ს გავრცელებული ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატით ააფეთქეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის სიახლოვეს ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტი იჯდა.

ავტომობილი ქაბულის აეროპორტისკენ მიემართებოდა. ტელეარხი ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირებისა და თალიბანის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულს წინ უძღოდა ქაბულის აეროპორტთან რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტი, რასაც 100-მეტი ავღანელი და 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. როდესაც აფეთქება მოხდა, ქაბულის აეროპორტთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც აეროპორტში შეღწევასა და ქვეყნიდან ევაკუაციას ცდილობდნენ.

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-მ გააფრთხილა ადამიანები, რომ მათი დაზვერვის ცნობით, ISIS-ის ადგილობრივი, ავღანური ჯგუფის მხრიდან მოსალოდნელი იყო ტერაქტი. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღესაც გააფრთხილა ქაბულში მყოფი ამერიკელები, არ მიუახლოვდნენ ქაბულის აეროპორტს კიდევ ერთი მოსალოდნელი ტერაქტის გამო.

როგორც Al Jazeera იტყობინება, ამერიკული მხრიდან დღეს განხორციელებული ავიადარტყმით აღნიშნული საფრთხე შეიძლება განეიტრალებული იყოს.

ამერიკელმა სამხედროებმა 31 აგვისტოს უნდა დაასრულონ საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან და ქვეყანა თავადაც უნდა დატოვონ.

ამის შემდეგ აეროპორტზე სრულ კონტროლს დაამყარებს თალიბანი. თალიბანმა ქაბული ყველასგან მოულოდნელად, უბრძოლველად დაიკავა 15 აგვისტოს, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვება ათიათასობით ადამიანმა სცადა, უფრო მეტმა კი ეს ვერ მოახერხა.

მთავარი ფოტო: ქაბულის აეროპორტი სატელიტიდან/EPA/Maxar 

მასალების გადაბეჭდვის წესი