ახალი ამბები

ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ, აცრის საწინააღმდეგო აგიტაციას ნუ ეწევით — გამყრელიძე ექიმებს

27 აგვისტო, 2021 • 1797
ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ, აცრის საწინააღმდეგო აგიტაციას ნუ ეწევით — გამყრელიძე ექიმებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში მომუშავე ექიმების 66%, სულ მცირე, ერთი დოზით აცრილია.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს სრულად (ექიმები, ექთნები, სანიტრები და სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაცია), გამყრელიძის თქმით, აცრის საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით, 10 დღის წინანდელი მონაცემებით, 46%-ია.

“მე ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში, ექიმებში ანტივაქსერები არიან. არადა, სამწუხარო არიან — უნდა ვაღიარო. ზოგიერთი ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში. თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა უფლებათა შორის, მაგრამ როცა ქვეყანაში ეპიდემიაა და როცა ვიცით, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს — 1000 ინფიცირებულიდან 10-15-20 შეიძლება დაიღუპოს — და ვიცით, რომ ამის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის აცრა, როგორ შეიძლება ადამიანებს მოვუწოდოთ, არ აიცრან”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც, მაგალითად, ორსულს ეტყვის, არ აიცრან.

“ბევრი არ არის ანტივაქსერი ექიმებში, მაგრამ ვინც არიან, იმათ მივმართავ და უმორჩილესად ვთხოვ, საწინააღმდეგო აგიტაციას მაინც ნუ ეწევით, ის ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ, იმიტომ, რომ დღეს ყველა სამედიცინო მუშაკმა კი არა, ყველა ადამიანმა უნდა მოუწოდოს თავის ახლობლებმა , აიცრან. ამაზე გადის ქვეყნის გადარჩენის და ეკონომიკური განვითარების გზა”, — დასძინა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი