ახალი ამბები

ვფიქრობ, სკოლებში სწავლა დაიწყება დისტანციურად – გამყრელიძე

27 აგვისტო, 2021 • 2356
ვფიქრობ, სკოლებში სწავლა დაიწყება დისტანციურად – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სკოლებში სწავლება, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება. ფიზიკურ სივრცეში სწავლის გასაგრძელებლად კი მან ორი პირობა დაასახელა.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, როდის დაიწყება სწავლა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში და რა მაჩვენებლები უნდა იყოს მათი რეკომენდაციით, რომ სწავლის დაწყება ფიზიკურ სივრცეში დაანონსდეს, გამყრელიძემ 27 აგვისტოს განაცხადა:

„განათლების სამინისტრო განიხილავს ამ საკითხს და, ვფიქრობ, სწავლა დაიწყება დისტანციურად“. თუმცა, გამყრელიძის თანახმად, NCDC-ის რეკომენდაცია ასეთია:

„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რეკომენდაციაა, — არ ვიცი, საკოორდინაციო საბჭო როგორ გაითვალისწინებს, – სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ“.

27 აგვისტოს მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი 9.43%-ია.

„ამიტომ სასურველია, რომ მასწავლებლები აიცრან, ადმინისტრაციული პერსონალი აიცრას სკოლებში და საერთო ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს. ასეთ სიტუაციაში იქნება განხილული უკვე დასწრებული სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა უნივერსიტეტებში სწავლის დაწყების მისეულ რეკომენდაციებზეც:

„ჩვენ გვექნება შეხვედრები განათლების სამინისტროსთან კიდევ ბევრი საკითხის განსახილველად. მე, პირადად, იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში“:

„დასწრებული სწავლებისთვის რამდენიმე კრიტერიუმი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. მარტო პროფესოსორ-მასწავლებლები არა. სტუდენტები“.

გამყრელიძის თანახმად, ქვეყანაში 150 000 სტუდენტია: „ესენი ყველანი ახალგაზრდები არიან, დელტა შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი, ყველა სკოლა, იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი