ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულებისთვის ფულადი პრიზები გათამაშდება

27 აგვისტო, 2021 • 1412
გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულებისთვის ფულადი პრიზები გათამაშდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირებისთვის ლატარიის გათამაშება მალე დაიწყება და, შესაბამისად, მათ ფულადი პრიზების მოგების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და სექტემბრის პირველ ან ორ რიცხვში უკვე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, თუ როდის დაიწყება გათამაშებები:

“გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით. ამაზე უკვე შედგენილია სქემაც, სულ ყველაფერი და, რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნენ ერთხელ და ორჯერ აცრილი ადამიანები და, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები”, – განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-ის მონაცემებით 27 აგვისტოს საქართველოში ჩატარებულია 1 095 069 აცრა, ერთი დოზით აცრილია 26.3.%, ორი დოზით კი 12.1%. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 26 418 აცრა ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი