ახალი ამბები

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეუფარდეს

26 აგვისტო, 2021 • 1019
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეუფარდა.

ხუთივე მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 აგვისტოს დააკავა კახეთში, პანკისის ხეობაში.

სუს-ის თანახმად, მათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ერთგულების ფიცი დადეს და სირიაში გეგმავდნენ გამგზავრებას.

26 აგვისტოს მათი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

ბრალდების მხარე – პროკურატურა – ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, რადგან მიიჩნევდა, რომ არსებობდა მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა და გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის თანახმად, დაკავებულები არ აღიარებენ დანაშაულს.

სასამართლო სხდომა დახურული იყო. პროკურორის თანახმად, ეს „სპეციფიკური საქმეა“.

წინასასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი