ახალი ამბები

სასამართლო “გირჩის” კანდიდატის მიერ მარიხუანის კულტივაციაზე იმსჯელებს

26 აგვისტო, 2021 • 1233
სასამართლო “გირჩის” კანდიდატის მიერ მარიხუანის კულტივაციაზე იმსჯელებს

შსს-მ სასამართლოს მიმართა ნაძალადევში პარტია “გირჩი — მეტი თავისუფლების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი გრიგალაშვილის მიერ ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად ორი ძირი კანაფის კულტივირების საქმეზე.

“დღეს დილიდან ჩემს საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად შსს ჩაერთო. 13 ივლისს გიორგი სლოევის მხარდასაჭერად და ველური ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფი დავაკულტივირე, რომლის საფუძველზეც დღეს შსს-მ სასამართლოს მიმართა. ჯერჯერობით მედავებიან ორი მუხლით: კანაფის კულტივაცია და პროპაგანდა. როგორც მითხრეს, უახლოეს დღეებში იქნება პროცესი და “გამასამართლებენ”, — წერს გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში.

31 წლის გიორგი სლოევი მიმდინარე წლის 15 აპრილს მარიხუანის კულტივირების ბრალდებით დააკავეს. თუმცა სლოევის ადვოკატი, ასევე მეუღლე და ერთ-ერთი მეგობარი ამბობენ, რომ მარიხუანა რეალურად არა სლოევს, არამედ სლოევის მეგობარს, გიორგი ჯიმშიაშვილის (იგივე მწვანე) ეკუთვნოდა და დაკავებულს მასთან შეხება არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატი და მეუღლე ამბობენ, რომ დაკავების და ჩვენების მიცემის მომეტში პოლიციამ სლოევზე და მის ორ მეგობარზე იძალადა და ამ გზით მოიპოვა ცრუ ჩვენებები სლოევის წინააღმდეგ.

ორი ძირი მარიხუანას კულტივაციის ბრალდება – კაცს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

“გირჩი — მეტი თავისუფლების წევრი ბადრი გრიგალაშვილი რამდენიმე თვეა სლოევის საქმეს აპროტესტებს. 13 ივლისს სასამართლოს ეზოში მან პროტესტი ორი ძირი კანაფის საჯაროდ კულტივაციით გამოხატა. მაშინ გრიგალაშვილი ამბობდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით საქმე ვერ აღუძრეს და ადმინისტრაციული წესით უპირებდნენ დაჯარიმებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მასალები დღეს გაიგზავნა სასამართლოში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი