ხატია დეკანოიძე/ფოტო: Facebook

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს და მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური წლის ბოლომდე განახევრდეს.

ამის შესახებ პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა, სადაც თქვა, რომ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა “მკვლელ ხელისუფლებას” ეკისრება.

“იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება შემსუბუქდეს, სასწრაფოდ გადასადგმელია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. პირველ რიგში მოვითხოვთ, რომ ეპიდემიოლოგებმა, ვინც ასე ღიად დადიან „ქართული ოცნების“ შეკრებებზე და შემდეგ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, წარმოადგინონ პროგნოზი, ტრაექტორია, სად მიდის ქვეყანა ეპიდსიტუაციის მიმართულებით”, — განაცხადა დეკანოიძემ.

ის აუცილებლად მიიჩნევს, სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების გადამზადებას მობილური ვაქცინაციის ბრიგადების შესაქმნელად.

“ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის არაფერი გაკეთებულა მთელი თვეების განმავლობაში — ვხედავთ უამრავ ბანერს კახა კალაძის გამოსახულებით და არცერთ ბანერს ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები.

ასევე, აუცილებელია, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის ტრანსპორტის ფასი წლის ბოლომდე განახევრდეს. აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის სოციალური დახმარება; სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია.

გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი”, — განაცხადა დეკანოიძემ.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შემოიტანოს ვაქცინები „ბუსტერ“ დოზებისთვის.