ახალი ამბები

პარტიის “საქართველოსთვის” თქმით, მის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება

25 აგვისტო, 2021 • 962
პარტიის “საქართველოსთვის” თქმით, მის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება

პარტიის “საქართველოსთვის” განცხადებით, მის წევრებსა და მხარდამჭერებზე ხელისუფლების მხრიდან “ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი” ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ხელისუფლება პრაქტიკულად იმ მეთოდებს იყენებს, რომლებიც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას 2011-12 წლებში.

…ხელისუფლება ცდილობს, ეს გააკეთოს შეფარული მეთოდებით და სახე ამგვარად შეინარჩუნოს, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაფარული ვერ დარჩება”, — დასძინა მან.

მეზვრიშვილის თქმით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გია სოლომნიშვილს, რომელიც გურჯაანის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ აიპში შემდუღებლად მუშაობს, დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ ის არ შეწყვეტდა პარტიის მხარდაჭერას და მის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

“პარტიის აქტიური მხარდამჭერის, ყვარლის მერიის მთავარი სპეციალისტის, ლევან ხუციშვილის მიმართ აქტიურად იყენებენ პოლიციას, რომელიც ფაქტიურად ეუბნება მხარდამჭერს, რომ პრობლემებს შეუქმნის მას.

პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედის და დეიდის მიმართ განახორციელეს მუქარა-ზეწოლა. კერძოდ, გუბერნატორმა დაიბარა ეს ადამიანები და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა ლევანის აქტიური მხარდაჭერის გამო პარტიის მიმართ და უარის შემთხვევაში, დაემუქრნენ რეორგანიზაციით გაშვებით”, — აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე სიტყვებით, იმერეთში “მაჟორიტარობის კანდიდატს მერი დაემუქრა ბიზნესზე ზეწოლით და პარტიულ საქმიანობაზე უარის ართქმის შემთხვევაში, პრაქტიკულად პირდაპირ უთხრეს, რომ აკაკი ბართაიას ბედს გაიზიარებდა”.

პარტიის “საქართველოსთვის” თანახმად, აწ უკვე დაკავებული აკაკი ბართაია მათი მხარდამჭერია, რომელსაც “ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით”, 16 აგვისტოს კი “იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში”.

საქმის პროკურორი  დაცვის მხარის პოზიციას “ინტერპრეტაციას” უწოდებს და ამბობს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.

ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ყველა მხარდამჭერს მოუწოდა, “მათდამი ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე” ღიად ისაუბრონ.

“ჩვენ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას, ამ მოქმედებების შეწყვეტას და ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერზე აუცილებლად ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ კიდევ უფრო აქტიურად, იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომელიც ხელისუფლებას აუცილებლად მიიყვანს დასასრულამდე – რა თქმა უნდა არჩევნების გზით”, — აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი