ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას მიიღებს — ვოლსკი

24 აგვისტო, 2021 • 1662
საქართველო ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას მიიღებს — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

გია ვოლსკი ამ განცხადებით გამოეხმაურა შარლ მიშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, საქართველოს არასდროს ჰქონია ევროკავშირის ფორმატში ასეთი მძლავრი პოზიციები, როგორიც დღეს აქვს.

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმები უნდა შეჩერდეს ყველა დარგში, მათ შორის სასამართლო, საგანმანათლებლო სისტემაში თუ სხვა სფეროებში. რეფორმები მიმდინარეობს და იქნება გაცილებით უფრო მყარი ჩვენი პოზიცია, როცა 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის დახმარება “ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია”.

“თუ ეს განხორციელდება [ევროკავშირის ფინანსური დახმარება], რასაკვირველია, საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკური პოზიცია იმ პოლიტიკური სუბიექტების, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს, რომ საქართველოს უნდა დაუწესდეს სანქციები. ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაცია მუდმივად მოხდება”, — განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას “ტვიტერის” პოსტით გამოეხმაურა.

მიშელის თქმით, პრემიერთან საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარების მნიშვნელობას.

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ბოლო ვადა ახლოვდება და საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებების, განსაკუთრებით კი, რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულების დემონსტირების დროა”, — წერს მიშელი “ტვიტერზე”.

მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი