ქუთაისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ელისო არჩაია მმართველი პარტიიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა.
საკრებულოს წევრი ამბობს, რომ “ოცნების” გუნდში შესაძლებლობები ამოწურა.
“მე ვეღარ ვახერხებ თქვენს დახმარებას სათანადოდ. ვეღარ ვაგვარებ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე არ მეძლევა ამის საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და დავრწმუნდი, რომ ამ გუნდში აღარც მომავალში მექნება თქვენთვის მეტის გაკეთების საშუალება.
მე მივიღე გადაწყვეტილება, ვიბრძოლო ღირსეული, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა, ქვეყნის მომავალი შეცვალოს”, — წერს ელისო არჩაია პირად ფეისბუკგვერდზე.
როგორც ის აცხადებს, გიორგი გახარიას გუნდთან ერთად “უფრო მეტის გაკეთებას” შეძლებს ქუთაისისთვის.