ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტის დეპუტატების ცნობით, კაბინეტებში ფაშინიანის პორტრეტებს კიდებენ

23 აგვისტო, 2021 • 1711
სომხეთის პარლამენტის დეპუტატების ცნობით, კაბინეტებში ფაშინიანის პორტრეტებს კიდებენ

სომხური მედია განიხილავს ქვეყნის ეროვნული კრების  [პარლამენტი] დეპუტატების კაბინეტებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ფოტო-პორტრეტების განთავსების საკითხს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის, azatutyun.am -ის ინფორმაციით, თავდაცვის საკითხებში საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრანიკ ქოჩარიანმა ამის შესახებ ღიად ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც პრემიერის ფოტოსურათი საკუთარ კაბინეტში ჩამოკიდა.

“ეროვნული კრების ყველა კაბინეტში ჰკიდია პორტრეტები, წადით და თავად ნახეთ”, – ამბობს ის. თუმცა, იმის გამო, რომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა ჟურნალისტებს შენობაში გადაადგილება შეუზღუდა, მედიას საშუალება არ აქვს, უშუალოდ ნახოს დეპუტატების კაბინეტებში ჩამოკიდებული ფაშინიანის ფოტოსურათები.

“ეს თითოეული დეპუტატების უფლებაა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ”, – განუცხადა azatutyun.am-ს  უმრავლესობის ფრაქცია “სამოქალაქო შეთანხმების” დეპუტატმა აიკ კონჯორიანმა სატელეფონო საუბარში.

“დიახ, ჩემს კაბინეტში ჩვენი პოლიტიკური ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ფოტოსურათი კიდია”, – განაცხადა ფრაქციის სხვა დეპუტატმა ვააგნ ალექსანიანმა.

როგორც სომხურმა მედიამ გაარკვია, ფაშინინის ფოტოების გამრავლებისა და კაბინეტებში ჩამოკიდების ინიციატივა ახლად არჩეული პარლამენტის დეპუტატს, ტრდათ სარგსიანს ეკუთვნის, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში ეს ცნობა არ უარყო.

სომხური მედიის მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლამდე ნიკოლ ფაშინიანს წინა ხელისუფლება არაერთხელ გაუკრიტიკებია მსგავსი ინიციატივების გამო.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისი სომხეთში? | პარლამენტში მედიას გადაადგილება აუკრძალეს

მასალების გადაბეჭდვის წესი