ახალი ამბები

მაშველებმა რიონში დაკარგული ბავშვის ცხედარი იპოვეს

23 აგვისტო, 2021 • 977
მაშველებმა რიონში დაკარგული ბავშვის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში, მდინარე რიონში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ შეტყობინება სამი დღის წინ შევიდა.

“შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდნენ პირველი მორეაგირე სამაშველო ჯგუფები სპეციალური მცურავი საშუალებებით და დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროებზე.

სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე მოხდა დამატებითი სპეციალური ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება.
სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა რეგიონის 105 თანამშრომელი მუშაობდა, ასევე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც. წყალქვეშა სამუშაოებს ატარებდა 6 მყვინთავი, მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი