ახალი ამბები

სახალხო დამცველი აკრიტიკებს სახელმწიფოს პოლიტიკას COVID-19-ის სამართავად

21 აგვისტო, 2021 • 1259
სახალხო დამცველი აკრიტიკებს სახელმწიფოს პოლიტიკას COVID-19-ის სამართავად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა პოლიტიკა კოვიდის სამართავად, თუმცა ეს პოლიტიკა წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა გულის მოგებასა და აცრების აქტიურ პოპულარიზაციაზე უარის თქმას გულისხმობდა, “ანტივაქსერი ამომრჩევლის” დაკარგვის შიშით.

“არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა – მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა:

ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.

ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.

ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.

ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.

ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა… 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში…” — დასძენს ლომჯარია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.97%.

ამავე მონაცემებით, გასულ 24 საათში 28 555 აცრა. 21 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 938 705 აცრა, ორი დოზით კი 276 917 ადამიანია აცრილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 9.7%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი