ახალი ამბები

ნავალნის მოწამვლის საქმე: აშშ და დიდი ბრიტანეთი 7 პირს სანქციებს უწესებენ

21 აგვისტო, 2021 • 1064
ნავალნის მოწამვლის საქმე: აშშ და დიდი ბრიტანეთი 7 პირს სანქციებს უწესებენ

დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებენ ადამიანებს, რომლებიც, მათი თქმით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენენ და მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში. ქვეყნებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს და კიდევ ერთხელ დაგმეს 1 წლის წინ მომხდარი შემთხვევა, რომელმაც ნავალნი კინაღამ შეიწირა.

ჯამში, ლონდონისა და ვაშინგტონის საერთო გადაწყვეტილების ობიექტი 7 ადამიანია. ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის განცხადებით, სანქციების ფარგლებში მათ აქტივებს გაუყინავენ და სამოგზაურო აკრძალვებს დაუწესებენ. ლონდონში ამბობენ, რომ ყველა ეს პირი “უშუალოდ არის პასუხისმგებელი ბატონ ნავალნიზე თავდასხმის დაგეგმვაზე ან მის განხორციელებაზე”.

“ჩვენ ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება არღვევს საერთაშორისო სამართალს და უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე სისხლის სამართლის გამოძიება”, — დასძინა დომინიკ რააბმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სანქციების პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ საერთო განცხადებაც გაავრცელეს და რუსეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე გააფრთხილეს. თავის მხრივ, ზემოხსენებული 7 პირის გარდა, ვაშინგტონმა ცალკე დაუწესა სანქციები კიდევ 2 ადამიანს და რუსეთის 4 ინსტიტუციას.

ამ ინსტიტუციებს შორისაა FSB-ს კრიმინალისტური ინსტიტუტი: ლაბორატორია, სადაც თავდასხმაში მონაწილე პირთა უმეტესობა მუშაობდა.

ალექსეი ნავალნი გასული წლის 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ტომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა.

ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. მოგვიანებით, ნავალნის მოწამვლის ფაქტი დაადასტურეს გერმანიაში, სადაც ის სამკურნალოდ გადაიყვანეს.

დასავლელმა ექსპერტებმა თქვეს, რომ მოწამვლისას ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი” გამოიყენეს.

მოსკოვმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობა იმთავითვე უარყო და დასავლეთი მიზანმიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა. ზემოხსენებულ სანქციებს რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა და თქვა, რომ “სანქციები არალეგიტიმურია, ვინაიდან მათ არ აქვთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თანხმობა”.

“რუსეთმა გაანადგურა ქიმიური იარაღის არსენალი საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. იმავეს ვერ ვიტყვი ნატოს ქვეყნებზე, მაგალითად, აშშ -ზე”, — დაწერა მან სოც. ქსელში.

თავის მხრივ, Reuters-ის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა მტკიცებულებების სახით წარმოადგენს სატელეფონო და სამოგზაურო ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს, რომ სანქცირებული აგენტების ნაწილი ოპოზიციონერის მოწამვლის მომენტში ციმბირის ქალაქ ტომსკში იმყოფებოდა.

რაც შეეხება სანქცირებულთა მეორე ნაწილს: ლონდონის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ FSB-ში თავიანთი სამსახურებრივი პოზიციის გამო, ამ ადამიანებს ჰქონოდათ პასუხისმგებლობა ზემოხსენებული აგენტების საქმიანობაზე, მხარი დაეჭირათ ან ხელი შეეწყოთ მათთვის.

ნავალნი, ამჟამად, დაპატიმრებულია. რუსეთის პოლიციამ ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააკავა. გამოძიება ოპოზიციონერს თავისივე ორგანიზაციისთვის შემოწირული თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ედავება. ნავალნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი