ახალი ამბები

ქუთაისში, “ფაიზერის” მეორე დოზაზე მისული ორი პირი “სინოფარმით” აცრეს

20 აგვისტო, 2021 • 6456
ქუთაისში, “ფაიზერის” მეორე დოზაზე მისული ორი პირი “სინოფარმით” აცრეს

ქუთაისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში, “ფაიზერის” მეორე დოზით ვაქცინაციაზე მისული ქალი “სინოფარმით” აცრეს.

მოქალაქე მარი ჭეიშვილმა ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.

“ჯერ ერთი, საშინლად არეული და ცოცხალი რიგი დამხვდა ადგილზე მისულს, როცა წინასწარ დავრეგისტრირდი და ის დრო შევარჩიე, რომელიც მაწყობდა. ამ დროს ოთახიდან ისმის ხმა: “დღეს მხოლოდ “ფაიზერია”, ქალბატონო, სხვა აცრა დღეს არ გვაქვს”… ექიმთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ მივედი ექთანთან, მეთქი-გავიგე, თბილისში აერიათ ვაქცინები და შეიძლება ვნახო-მეთქი და კი, აი, ნახე, თუ გინდა გადაიღეო. მანახა ფლაკონი, გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, — მე მივაწერე, მჭირდებოდაო და უკან ჩინური წარწერებია. ვეკითხები, რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე ფაიზერი-მეთქი და არა, ეს არის “ფაიზერიო”, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, “სინოფარმი” ორშაბათს და ოთხშაბათს არისო, დღეს პარასკევია და გავჩერდი.

აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი, მაცივარი აქ არის, განახებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო. თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აწერია Beijing Institute of Biological Products. დავგუგლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). ბეიჯინგის ინსტიტუტი აწარმოებს “სინოფარმსო”. შევუვარდი იმ ქალს, ავტეხე ერთი ამბავი. მე და ერთი კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ. მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა 1 შეკვრა. არ ვიცი, შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ჩემამდეც ყველას “სინოფარმით” ცრიდნენ და “ფაიზერს” უწერდნენ”, — წერს მარი ჭეიშვილი.

მისი თქმით, კლინიკის დირექტორი მამუკა იოსელიანი დაჰპირდა, რომ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს. მარი ჭეიშვილი ხაზს უსვამს, რომ ჯანდაცვის სისტემას არ აქვს პასუხი, ჩაითვლება თუ არა იგი სრულად ვაქცინირებულად.

“ევექსის” ჰოსპიტალების ქსელში, რომელსაც ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრი ეკუთვის, “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ მართლაც მოხდა ვაქცინების არევა ორი პირის შემთხვევაში და ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

“ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი მედპერსონალი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და უკვე 2 წელია, 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება, დაცულია ყველა შესაბამისი რეკომენდაცია, სამწუხაროდ, მოხდა ვაქცინის არევის ფაქტი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურად ასეთი შემთხვევები შესწავლილია და საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მედდას უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ამ ფაქტის შესწავლა შემდგომი რეაგირებისათვის”, — აცხადებენ “ევექსი ჰოსპიტლების” ქსელში.

მათი ინფორმაციით, ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს.

“მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, კლინიკური გუნდის ჩართულობით ჩავუტაროთ მათ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და ჯანმრთელობის მონიტორინგი”, — ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი