ახალი ამბები

ექიმი, რომელიც ახლა არც ხალხს ურჩევს აცრას და თავადაც არ იცრება, არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს – ჟამურაშვილი

20 აგვისტო, 2021 • 9308
ექიმი, რომელიც ახლა არც ხალხს ურჩევს აცრას და თავადაც არ იცრება, არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს – ჟამურაშვილი

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ექიმი, რომელიც პანდემიის პირობებში ხალხს აცრას არ ურჩევს და თავადაც არ იცრება, “არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს”. ჟამურაშვილმა ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ სტატუსში ისაუბრა.

მის სტატუსს წინ უძღვოდა ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალება, რომელსაც კორონავირუსი ორსულობისას დაუდასტურდა, მშობიარობის შემდეგ კი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. ჟამურაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ორსულები რისკჯგუფია და “აუცილებლად უნდა აიცრან”.

“კოლეგებო, დაფიქრდით, რას სჩადით! რა დავარქვათ ამ ფაქტს, სიჯიუტე? ნუთუ რომელიმე, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი შეიძლება დღევანდელ მდგომარეობას ადეკვატურად ვერ აფასებდეს?

ექიმმა ხორცი უნდა განკურნოს და მოძღვარმა კი სული. როგორ შეიძლება დღევანდელ დღეს ან ერთი და ან მეორე ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდეს?

ექიმი, რომელიც დღევანდელ დღეს ხალხს ვაქცინაციას არ ურჩევს და თავად არ აიცრება, არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს!”, – წერს ჟამურაშვილი.

ამასთან, საკუთარ სტატუსში ჟამურაშვილი საუბრობს ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს როლზეც:

“სინოდისგან ასეთი „ნეიტრალური“ განცხადება, როცა რამდენიმე მოძღვარი უარყოფითად ჩაერია და დღესაც ერევა სასიცოცხლო მნიშვნელობის ვაქცინაციის პროცესში და როცა რუსულმა ეკლესიამ ხალხს აცრებისკენ მოუწოდა (ჩემდა გასაკვირად ასეთი გონიერება გამოიჩინა!!!) სულ ცოტა არაკორექტულია!”, – წერს ჟამურაშვილი.

მისი განცხადებით, რეანიმაციაში ადგილები აღარ არის და დღევანდელი მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი ორ-სამ კვირაში გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელად აისახება, ამ ვითარების დასტაბილურების მთავარ გამოსავლად კი ექიმი ვაქცინაციაში ხედავს.

ის ასევე საუბრობს დაწესებული რეგულაციების კონტროლზეც და ამბობს, რომ ქუჩაში პირბადე თითქმის არავის უკეთია, როცა სახელმწიფო რეგულაციებით პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ სავალდებულო გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი