ახალი ამბები

ფოთის მერობისთვის უგულავა იბრძოლებს — ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

19 აგვისტო, 2021 • 1596
ფოთის მერობისთვის უგულავა იბრძოლებს — ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

“ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, ფოთის მერობის კანდიდატი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა იქნება.

როგორც დარეჯან ცხვიტარიამ ნეტგაზეთს განუცხადა, უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად შაბათს, 21 აგვისტოს, წარადგენენ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ენმ ფოთში მერობის კანდიდატად თინა ბოკუჩავას კანდიდატურას განიხილავდა. აღნიშნულს ადასტურებს დარეჯან ცხვიტარიაც.

“განიხილებოდა [თინა ბოკუჩავა], მსჯელობის საგანი იყო და გადაწყვეტილება იქნა მიღებული გიგი უგულავაზე. მარტო თინა ბოკუჩავა კი არა, რამდენიმე კანდიდატურა იყო. ფოთი სტრატეგიული ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად პატარა ქალაქია, ძალიან  სტრატეგიულია, საქართველოს კარიბჭეა. ბევრი ისაუბრეს და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიიღეს გიგი უგულავაზე”, — განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

მისივე თქმით, უგულავა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება.

“გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება 5 ნომრით. თბილისში ვინც გაერთიანდა და, სხვათა შორის “სტრატეგია აღმაშენებელიც” ჩვენთან არის, გაერთიანებულ ოპოზიციაში არ არის, მაგრამ “ლელოც” მოიაზრება და ყველა, რაც კი ოპოზიცია არსებობს საქართველოში, ფოთში მოვახერხეთ ერთად დავმდგარიყავით”, — განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

თავად გიგი უგულავას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია ფოთის მერობასთან დაკავშირებით. უგულავას კანდიდატურის მხარდაჭერაზე ჯერჯერობით არც სხვა ოპოზიციური პარტიებს გაუკეთებიათ განცხადებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი