ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალელი პოლიტიკოსი თალიბანის აღიარებას არ გამორიცხავს

19 აგვისტო, 2021 • 2524
ცხინვალელი პოლიტიკოსი თალიბანის აღიარებას არ გამორიცხავს

დავით სანაკოევი, ცხინვალელი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, არ გამორიცხავს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება თალიბანს აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ თალიბანის მიმართ განწყობას რუსეთის ხელისუფლებაც შეიცვლის.

“თალიბანის ტრიუმფალურ დაბრუნებას სამხრეთ ოსეთშიც ყურადღებით აკვირდებიან. ავღანეთიდან ამერიკელების წასვლა სამხრეთ აზიის პოლიტიკური სივრცის რადიკალურ ფორმირებას გამოიწვევს, რაც გარკვეულწილად შეეხება კავკასიასაც.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თალიბანი ეს ის თალიბანი აღარაა, როგორიც 20 წლის წინ იყო. მოძრაობის ხელმძღვანელობის პრაგმატიზმი, უარი რადიკალურ იზოლაციონიზმზე, ისლამურ სამყაროში ორგანიზაციის ავტორიტეტი, ასევე, ავღანეთში მათი ძალების თვალსაჩინო დომინირება გარდაუვალს ხდის თალიბანის დაბრუნებას გლობალურ პოლიტიკაში. მსოფლიო საზოგადოება შეეცდება დაამყაროს ურთიერთობები ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ უკვე ვხედავთ ჩვენი მოსკოველი პარტნიორების მსგავს მიდგომებს, რისი მტკიცებულებაც იყო ივლისში  თალიბანის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი რუსეთში.

ალანიის სახელმწიფოს მხრიდან თალიბანის აღიარების საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას, თუმცა ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გააზრებული და პრაგმატული აღმოჩნდება ავღანეთის ახალი ხელისუფლება. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დღემდე თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაცია. იმ შემთხვევაში, თუ რეზოლუცია გაუქმდება და რუსეთი ახლებურად შეხედავს თალიბანს, საკითხი სხვა სახეს მიიღებს”, – წერს სანაკოევი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო.  ქაბული მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” გამოაცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს მრავალი ადამიანი, ავღანეთის შიგნით თუ გარეთ, ეჭვის თვალით უყურებს და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

ამ ფონზე უკვე ვრცელდება ამბები, რომლებიც დაჯგუფების ლიდერების გაცხადებულ დაპირებებს ცალსახად ეწინააღმდეგება. საერთაშორისო მედიაში 18 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ დაჯგუფების წევრებმა ცემით მოკლეს ქალი, რომელმაც მებრძოლები საკვებით არ უზრუნველყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი