ახალი ამბები

როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი 2-ჯერ აიცრება, ვისაუბრებთ ბუსტერზეც — გამყრელიძე

18 აგვისტო, 2021 • 843
როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი 2-ჯერ აიცრება, ვისაუბრებთ ბუსტერზეც — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია კორონავირუსის ვაქცინის მესამე , ე.წ. ბუსტერ დოზაზე.

გამყრელიძე განმარტავს, რომ „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა დიდი არ არის. მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ისრაელმა. ამ უკანასკნელი შემთხვევაში მესამე დოზას 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა მეორე დოზიდან 6-8 თვის შემდეგ იკეთებს.

„მოგეხსენებათ, ეს ქვეყნები, რომლებიც დავასახელე, ორჯერადად უკვე აცრილი ჰყავთ თავიანთი მოსახლეობის 60%. ჩვენ როდესაც ავცრით ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ორჯერ, მაშინ უკვე მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი“, — ამბობს ის.

გამყრელიძე ასევე დასძენს, რომ მართალია, ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობა ვაქცინებისა, „ვისაც ორი დოზა სჭირდება, მესამე დოზისთვის ვაქცინას ნუ წავართმევთ“. მისივე თქმით, ე.წ. ბუსტერზე საქართველოში მსჯელობა ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმება.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მესამე დოზა , ე.წ. ბუსტერი ამ პანდემიის პირობებში საჭირო გახდება რაღაც დროს. მაგრამ მტკიცებულება იმისა, ეს 6 თუ 8 თვის შემდეგაა საჭირო, ჯერჯერობით არ არის. შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით საქართველოც მიიღებს გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, გვიან შემოდგომაზე“, — ამატებს ის.

საქართველოში დღეს აცრა 4 წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი. ესენია „ფაიზერის“; „სინოფარმის“; „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“. აქედან ასაკობრივი დამატებითი რეგულაცია ორ ვაქცინას ეხება – „ფაიზერით“ აცრა შესაძლებელია 16 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ხოლო „ასტრაზენეკათი“ 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

აცრისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სპეციალურ პორტალზე – booking.moh.gov.ge. ასევე ორ სივრცეში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარედ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი