საქართველოს პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს მკვლელობის მუხლით ბრალი წარუდგინა.
საქმე ეხება კახეთში ურთიერთშელაპარაკების შედეგად რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას, რის გამოც 3 ადამიანი მოკლეს. დღეს უწყებამ ზვიადაურის გარდა მომხდარში მონაწილე კიდევ ერთ პირს წარუდგინა ბრალდება — ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც-მ ჯ.ჯ-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ-ს მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. [ზურაბ ზვიადაურის ძმა] შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე, კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ-მ [ზურაბ ზვიადაური] ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ.“ ,— წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს.
16 აგვისტოს კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი სწორედ ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.
წინანდალში მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი ზურაბ ზვიადაურია