ახალი ამბებირეკლამა

გაიხსნა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური კინოკამპუსი

14 აგვისტო, 2021 •
გაიხსნა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური კინოკამპუსი

13 აგვისტოს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში,  სტუდენტური კინოკამპუსი გაიხსნა. კამპუსში, თბილისის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის, 40 სტუდენტი მონაწილეობს, სალექციო კურსს კი ცნობილი რეჟისორები და კინომცოდნეები წაიკითხავენ. 

რეჟისორი უტა ბერია, სტუდენტებს საკუთარ ფილმ, „უარყოფით რიცხვებს“ წარუდგენს, რის შემდეგაც გაიმართება მისი განხილვა. გარდა ამისა, რეჟისორი ფართოდ გაშლის „ალუდა ქეთელაურის“ თემას, რაც ასევე გახლავთ ფილმის ერთ-ერთი ღერძი. რეჟისორი პაატა ციკოლია კი ისაუბრებს სცენიდან ან ეკრანზე ამბის მოყოლის ხელოვნებაზე. 

კინომცოდნე ნენო ქავთარაძე, წაიკითხავს მოკლე სალექციო კურსს კინოეკრანიზაციების შესახებ, ხოლო დათო ლობჟანიძე ლიტერატურული ნაწარმოებების ადაპტაციებზე, ასევე, კინოში ასახულ მითებზე ისაუბრებს. 

კინოკამპუსის ფარგლებში, გაიმართება კინოჩვენებებიც. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური კამპუსი, მეორე კვირაა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ლიტერატურული კამპუსი, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს მოკლე სალექციო კურსი ჩაუტარეს ანა კორძაია-სამადაშვილმა, ეკატერინე ტოგონიძემ, ტორესა მოსიმ და ერეკლე დეისაძემ. 

კამპუსის მონაწილეებისთვის, დღეში ორ-ორი ლექცია იმართება, რის დროსაც, შეეძლებათ, არა მხოლოდ განხილვაში ჩაერთონ, არამედ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი აზრი, დასვან კითხვები და მეტი გაიგონ სფეროებში მიმდინარე პროცესებისა თუ საზოგადოებისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ. დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას კი, განივითარებენ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარებს, ნახავენ ფილმებს და ჩაერთვებიან მათ განხილვაში; შეიძენენ ახალ ინტერესებს და მეგობრებს. 

კამპუსები ეწყობა თელავში. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, კინოფესტივალი „თაობა“ და  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. 

  „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი