ახალი ამბები

სასამართლოში მიბარებენ ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო – ხოშტარია

13 აგვისტო, 2021 • 1129
სასამართლოში მიბარებენ ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო – ხოშტარია

„დროას“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სასამართლოში დაიბარეს.

„ელენე ხოშტარიამ სასამართლოდან მიიღო შეტყობინება, რომ [ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე] ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, 11 ივლისს, მან გამოთქვა პროტესტი და ამ პროტესტის გამო მისი სასამართლო 15 სექტემბერსაა ჩანიშნული“, – განაცხადა „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ 13 აგვისტოს ბრიფინგზე.

მისი თქმით, ხოშტარია არის „ოპოზიციის მთავარი კანდიდატი არჩევნებში“ და მისი სასამართლოში გამოძახება არის „საარჩევნო პროცესში ხელშეშლა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც სასამართლოს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „სასაცილოა და ცინიკურია, რომ ლაშქარავას გარდაცვალების დღეს გამოხატული პროტესტის გამო, სახელმწიფო ამ პროტესტისთვის დევნის არა მოძალადეებს, არამედ აქტივისტებს“.

„არ ვაპირებ არც სასამართლოზე გამოცხადებას, არც ამ ფარსში მონაწილეობას. პირიქით, ეს გვმატებს ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები აღარასდროს გაიმართოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, არ იცის, კონკრეტულად რა მუხლით რას ედავებიან. „ვიღაცა დამიკავშირდა, მითხრა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო რაღაცას მედავებიან“, – ამბობს იგი.

მისი ინფორმაციით, მას ედავებიან ადმინისტრაციული წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი