ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზები საერთაშორისო ორგანიზაციებს ეფექტური ვაქცინებით დახმარებისთვის მიმართავენ

13 აგვისტო, 2021 •
აფხაზები საერთაშორისო ორგანიზაციებს ეფექტური ვაქცინებით დახმარებისთვის მიმართავენ

აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოება საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმართოს რუსეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რომ დაეხმარონ აფხაზეთის მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინებით უზრუნველსაყოფად.

60-ზე მეტი ხელმომწერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსული “სპუტნიკის” ვაქცინების დოზა, რომელიც ამ დრომდე მოწოდებულია აფხაზეთში, არაა საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავი დაცულად იგრძნოს.

“თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მოვუწოდოთ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციას და სართაშორისო ორგანიზაციებს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რომ დაეხმარონ აფხაზეთს  ეფექტური ვაქცინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

10 აგვისტოდან აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ამჯერად მოსახლეობას რუსული ვაქცინა “სპუტნიკ ლაითი” შესთავაზეს [ოფიციალური ინფორმაციით, 5000 დოზა]. რუსული “სპუტნიკით” ვაქცინაცია აფხაზეთში მხოლოდ 2021 წლის მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. ვაქცინის პირველი ტრანში მოსკოვიდან – 6 500 დოზა უნდა გაზრდილიყო 30000 დოზამდე და, ჯამში, 15 ათასი ადამიანი უნდა აეცრათ, თუმცა პირველი ტრანშის შემდეგ სოხუმს რუსეთიდან ვაქცინა აღარ მიუღია. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში ამ ეტაპზე სულ 7 ათასამდე ადამიანია აცრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი