ახალი ამბები

თელასი და თელმიკო ზედმეტად დარიცხული თანხების გამო დააჯარიმეს

12 აგვისტო, 2021 • 3255
თელასი და თელმიკო ზედმეტად დარიცხული თანხების გამო დააჯარიმეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკმა) კომპანიები, „თელმიკო“ და „თელასი“ 75 000 და 50 000 ლარით დააჯარიმა მოქალაქეებისთვის არაზუსტად, ზედმეტად დარიცხული თანხების გამო.

„გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50 000 ლარით დაჯარიმდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – წერს მარეგულირებელი.

უწყების განმარტებით, დაჯარიმების მიზეზია „თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები“.

ამასთან, მარეგულირებელმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად და დაავალა მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება. სემეკს საჩივრით არაერთმა მოქალაქემ მიმართა.

როგორც სემეკი წერს, „დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე“.

ამასთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ  წყლის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) 75 ათასი ლარით დააჯარიმა.

მარეგულირებელმა GWP 75 ათასი ლარით დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი