საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისში პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა”შეურაცხადობის გამო”. უწყების თანახმად, პირს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორედ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული, ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ-ს და განზრახ მოკვლის მიზნით მას სხეულის სხვადასხვა ადგილებში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და, შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით – პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი – F20.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით)”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
პროკურატურის თქმით, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, “დანაშაულის ჩადენის დროს მას[ბრალდებულს] არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები”.
“ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს არ შესწევს უნარი, ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
ასევე, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რადგან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს.
ამდენად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
აღნიშნული ინციდენტის წინაპირობებთან დაკავშირებით თავის დროზე სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მედიამ.
ტელეკომპანია “ფორმულა” მოქალაქეზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, “გეი ეგონათ”, რის შემდეგაც ცივი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ იყო ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი, რომელზეც ტელეკომპანია საუბრობდა. განცხადებაში ეწერა, რომ “დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება”.
ტურისტის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაციამ თქვა, რომ პოლონეთის მოქალაქე სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, უსასყიდლოდ გაივლიდა.